ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნის და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წლიდან დაიწყება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რაც გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთადროინდელი ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებასა და განახლებას.
ჩანაცვლებას დაექვემდებარება ყველა ძველი შენობა, რომელსაც გასული აქვს ექსპლოატაციის ვადა და მინიჭებული აქვს ავარიულობის ხარისხი, მესაკუთრეებს კი თბილისის მერია ახალაშენებულ შენობებში გარემონტებულ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. ჩანაცვლების შემდეგ, მესაკუთრეების მფლობელობაში არსებული ქონების ღირებულება დაახლოებით 60-70%-ით გაიზრდება.
პრეზენტაცია
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
მომდევნო 4 წლის განმავლობაში გარემოს დაცვის მიმართულებით 300 000 000 ლარი დაიხარჯება: აშენდება და განახლდება 15 პარკი, 300 ჰექტარ ფართობზე აღდგება დეგრადირებულ ტყე, მინიმუმამდე შემცირდება ჰაერის მტვრით დაბინძურება და დაინერგება ნარჩენების სეპარირებული შეგროვების მოდელი. 2025 წლისთვის კი სრულად დაინერგება ქაღალდის, მინის, მეტალისა და პლასტიკის ნარჩენებისთვის წყაროსთან სეპარირების სისტემა.
მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, მომდევნო წლიდან შესაძლებელი გახდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ საკუთარი ეზოს გამწვანება და ასევე ქალაქში გაჩნდება ახალი მწვანე კუნძულები
პრეზენტაცია
ინფრსატრუქტურული პროექტები
მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც არსებული ხიდების, ქუჩებისა და გამზირების რეაბილიტაცია, ისე ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება თბილისისთვის. ჯამურად, 4 წლის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება, რის ფარგლებშიც აშენდება უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, მოეწყობა მარშალ გელოვანის გამზირისა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი კვანძი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ათობით ხიდსა თუ ქუჩას.
პრეზენტაცია
ურბანული განვითარება და მდგრადი მობილობა
მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის სატრანსპორტო ეკოსისტემის სრულყოფისთვის დაინერგება ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა (ITS), განახლებულ ავტობუსების პარკს, არსებულ და ახალ მარშრუტებზე დაემატება 200 ერთეული 18-მეტრიანი და 180 ერთეული 8-მეტრიანი ახალი ავტობუსი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერირებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მოეწყობა 10 სატრანზიტო დერეფანი, დაინერგება ვადიანი სამგზავრო აბონემენტების სისტემა და ქალაქს დაემატება 315 კილომეტრამდე ველობილიკი.
პრეზენტაცია
ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა
მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება ეკონომიკური კრიზისით დაზარალებული სუბიექტების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი საშეღავათო პროგრამებით. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნება სპეციალური ახალი პროგრამა, რომლითაც მოხდება უსახლკარო ოჯახებისთვის საჭირო საცხოვრებელი ფართობების შეძენა და სარგებლობის უფლებით გადაცემა. ამ პროგრამის განხორციელების შედეგად, თბილისის მუნიციპალიტეტში აღარ დარჩება არც ერთი უსახლკარო ოჯახი.
მომდევნო წლიდან ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ პროგრამებს დაემატება ორგანიზებული სკრინინგის, სახსრების ენდოპროთეზირების და შშმ პირთა პერსონალური დახმარების სერვისის პროგრამა, ხოლო გაფართოვდება და უფრო მასშტაბური გახდება დაავადებათა სკრინინგის, გაფანტული სკლეროზის გამოკვლევების და ონკომედიკამენტების პროგრამა.
პრეზენტაცია
კულტურა და სპორტი
მომდევნო წლებში თბილისში კიდევ უფრო მეტი მუზეუმი, თეატრი, ბიბლიოთეკა, სპორტული თუ შემეცნებით-საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი გაჩნდება, რაც მეტი ფესტივალის, წარმოდგენის თუ სპორტული აქტივობას უზრუნველყოფს. თბილისის ათივე რაიონში განხორციელდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების მოდერნიზების პროექტი. ახალგაზრდული ცენტრების ბაზაზე მოეწყობა ციფრული ჰაბები და აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით.
სპორტული რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, შემუშავდება სპეციალური საშეღავათო პაკეტები როგორც პროფილაქტიკური და სამედიცინო გამოკვლევების, ისე სარეაბილიტაციო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით. უფროსი თაობის მოქალაქეების ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა სპორტულ ცენტრში, დღის განსაზღვრულ მონაკვეთში, ნებისმიერი სერვისით სარგებლობა გახდება უფასო.
პრეზენტაცია